პროექტის შესახებ

  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საკონსულტაციო ცენტრის კონცეფცია ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას.

2023-2025 წლების განმავლობაში სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში გაიხსნება. ცენტრში მეწარმე შეძლებს გაიაროს ინდივიდუალური კონსულტაცია ცენტრის თანამშრომელთან და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. მეწარმეს ასევე შეეძლება სიღრმისეული ბიზნეს-დიაგნოსტიკის გავლა, რაც დაეხმარება უკეთ გაიგოს საკუთარი ბიზნესის საჭიროებები, რომ სწორად დაგეგმოს ბიზნესის მომავალი. დიაგნოსტიკით გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით, მეწარმეს შეეძლება ისარგებლოს ცენტრში შეთავაზებული საკონსულტაციო მომსახურებით ან დაესწროს შესაბამის ტრენინგს/სემინარს, რაც ხელს შეუწყობს მის სამეწარმეო საქმიანობას.

ცენტრის წევრ მეწარმეებს შეეძლებათ დაამყარონ კონტაქტები თავიანთი სექტორის ან ღირებულებათა ჯაჭვის სხვა წარმომადგენლებთან, თავისუფლად ისარგებლონ ცენტრებში განთავსებული საერთო სამუშაო სივრცით, და/ან დაესწრონ ცენტრში დაგეგმილ სხვადასხვა ინფორმაციულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას.

ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ოპერირება 2023 წლის ივნისიდან დაიწყო. 2023 წლის ბოლომდე იგეგმება ცენტრების გახსნა ბათუმსა და თელავშიც აჭარისა და კახეთის რეგიონებში არსებული მეწარმე სუბიექტებისთვის.